17 ივნისი, 2022, 18:00

ფერ-წერა III
სალომე ბოჭორიშვილი, ფრედერიკ სტეენბერგენ, გიორგი გელაძე, სოფო კობიძე, გუსტავ სამრელიუს

«ფერწერის დასასრულის» შესახებ მოდერნისტულად ამბიციურ განცხადებებს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებიდან, აბსტრაქტულმა და ექსპრესიონისტულმა მძაფრმა არტისტულმა რეაქციებმა გასცა სათანადო პასუხი. თანაც ისე რომ, ეს პასუხები, ხელოვნების გარდაუვალი კომერციალიზაციის ფონზეც კი, უდავოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
ყველასთვის «ცხადი» შეიქნა, რომ ტილოზე ფუნჯის მონასმით თუ საღებავის შესხურებით დატოვებული კვალი უბრალო პოზა და მანერულობა კი არ იყო, არამედ, ადამიანის ფსიქიკისა და მისი გარემომცველი უსასრულო სამყაროს სრულიად ახლებურად დანახვის თამამი იმპროვიზაცია.

ფერწერის მასშტაბებისა და პერსპექტივის არნახულად გაზრდილი შესაძლებლობების ფონზე (სხვა ფაქტორებთან ერთად) ფუნდამენტური მნიშვნელობა შეიძინა ადგილის სპეციფიკამ – გარკვეული პორტალების მონიშვნისა და შესწავლის ტენდენციამ. ასეთი ადგილებიდან უსასრულო სამყაროზე გასვლის შესაძლებლობა, ამავე დროს, ყველაფრის ერთ მთლიანობად გაერთიანების მცდელობაც იყო.

გამოფენა «ფერ-წერა III» თბილისის «სახელოვნებო პორტალის» პერსპექტივას სწორედ ამ უძველესი მულტიკულტურული ქალაქის ისტორიული, სატრანზიტო თუ ყოფითი ელემენტების ჭრილში განიხილავს და სხვადასხვა ქვეყნის ხუთი მხატვრის შემოქმედების რეპრეზენტაციით არსებული მოცემულობის «ფერწერული დიალოგით» გადააზრებას გვთავაზობს.

ფერწერულ გამოფენაზე, როგორც მედიუმზე აქცენტირება, მიზანმიმართული მცდელობაა იმისათვის, რომ ნაჩვენები იქნას ხუთი მხატვრის უკომპრომისო მოქმედება ისეთ მოცემულობაში, სადაც თითქოს ყველაფერი უკვე «გარკვეულია» და «სიახლეს» მხოლოდ პირობითი მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს. შესაბამისად, გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრების შემოქმედება აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ «ფერწერის დასასრულზე» საუბარი ისეთივე შეუძლებელი მდგომარეობაა, როგორც იმ «მიჯნის» პოვნა რომლის «იქეთ» შეიძლება დასრულდეს სამყარო.

image