მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ონლაინ რეზიდენციის ‘სუბტროპიკული კულტურები’ შედეგების შემაჯამებელი გამოფენა და ღონისძიებების კვირეული.

ხშირად, პოლიტიკური და ისტორიული მტკივნეული კონტექსტების აღრევის შემთხვევაში, ხელოვნებას აქვს პოტენციალი გახდეს “ბასრი იარაღი“ და მთელი თაობის, მეტიც, მთლიანად საზოგადოების ყურადღება მიმართოს ყველაზე მწვავე პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებზე და წარმოაჩინოს აზრთა სხვადასხვაობა, რასაც პოლიტიკური თუ ისტორიული ნარატივები გაურბის.

პროექტის მიზანიც ზუსტად ეს იყო, რომ თანამედროვე ხელოვნების მეშვეობით შეექმნა პლატფორმა, სადაც შეიარაღებული კონფლიქტით დაშორებული მხარეებისთვის გადაკვეთის ახალი ხაზები გაჩენილიყო; სივრცე, ინფორმაციის, ხედვის და აზრის გასაცვლელად.

რეზიდენციაში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟებული იყვნენ ქართველი, აფხაზი და სერბი ხელოვანები. ხელოვანების ჯგუფთან ერთად იმუშავებს მკვლევარებმა და დარგის სპეციალისტებმა თბილისიდან და სოხუმიდან. ონლაინ შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა ემსჯელათ ისტორიულ, სოციო-პოლიტიკურ მოცემულობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

პროგრამის ფარგლებში მონაწილე ხელოვანებმა შექმნეს ნამუშევრები წამოჭრილი თემების გარშემო. იმოგზაურეს ისტორიაში, პირად და საჯარო არქივებში, პოეზიის და ფანტაზიის მეშვეობით ეცადნენ პარალელური რეალობების შექმნას, დააკვირდნენ ბანალურ ყოველდღიურობას და წამოჭრეს მწვავე კითხვები, რომ თვითრეფლექსიისკენ მიმართონ ყურადღება.

მონაწილე ხელოვანები: ანა გზირიშვილი, არქიპ ლაბახუა, სოფიო მედოიძე, მარიამ ნატროშვილი & დეთუ ჯინჭარაძე, ანტონ ოჩაროვი, სლობოდან სტოშიჩი, ანნა ძიაპშიპა და ზურა ჯიშკარიანი.

კვირეულის პროგრამა

>> 1 აპრილი
“სუბტროპიკული კულტურები“
>> 15.00-20.00
გამოფენის გახსნა / საუბარი ხელოვანებთან
>> 18:30
“შინაარსებში დაკარგული“: საუბარი ხელოვანებთან ანა გზირიშვილი
ანნა ძიაპშიპა
მარიამ ნატროშვილი მოდერატორი: ელენე კაპანაძე

>> 3 აპრილი
“შავი ზღვის მარილიანი გემო“
>> 16:00
აფხაზეთში სხვადასხვა პერიოდებში გადაღებული ფოტო პროექტების ჩვენება. სლაიდშოუ 2018 წლის თბილისი ფოტო ფესტივალის ფარგლებში შეიქმნა. იონას ბენდიკსენი/Magnum Photos, ერიკ ბოდლერი, მარია გრუზდევა, თომას დვორჟაკი/Magnum Photos, იური კოზირევი/NOOR, იუსტინა მელნიკევიჩი/MAPS,
გიორგი პინხასოვი/Magnum Photos, ანნა ძიაპშიპა, უცნობი პოლონელი ტურისტის ფოტოარქივი, 70-იანი წლების კინო ჟურნალები, ფოტოები საოჯახო ალბომიდან.

>> ჰიბრიდული ღონისძიება
შეხვედრა ფოტოგრაფებთან – თომას დვორჟაკი/Magnum Photos და იუსტინა მელნიკევიჩი/MAPS.
მოდერატორი – ნესტან ნიჟარაძე.

>> 7 აპრილი
“ცხადია, არც დღეს, ან არც ამ კვირაში“…
>> 18:00
საუბარი პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესა და ისტორიკოს დავით ჯიშკარიანს შორის.

*რეგულაციების თანახმად ღონისძიებებზე ერთდროულად 30 ვიზიტორი დაიშვება.

სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამა ევროპული პლატფორმის MagiC Carpets და Tbilisi Photo Festival-ის პარტნიორობის შედეგად შეიქმნა და მიზნად ისახავს თანამედროვე ვიზუალური ხელოვანების მხარდაჭერას.

თბილისის ფოტო ფესტივალი
თბილისის ფოტო ფესტივალი პირველი ფოტო ფესტივალია საქართველოში და სამხრეთ კავაკსიაში. იგი 2010 წელს შეიქმნა და მისი დამფუძვნებლები არიან ფრანგი ფოტოგრაფი, ამჟამად ფრანგული ყოველდღიური გაზეთის Liberation ფოტო რედაქტორი ლიონელ შარიე და ქართველი კურატორი და ჟურნალისტი ნესტან ნიჟარაძე. ფესიტვალი პრესტიჟული არლის ფოტოფესტივალის Les Rencontres d’Arles მხარდაჭერით შეიქმნა და, ძალიან მალე, წამყვანი რეგიონული მასშატბის კულტურული მანიფესტაციის რეპუტაცია მოიპოვა. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, თბილისის ფოტო ფესტივალი ფოტოგრაფიის მედიუმს თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემებზე რეფლექსიისთვის იყენებს. ფესტივალის იდენტობა სწორედ ამ მიდგომამ განსაზღვრა. გარდა ამისა, ფოტო ფესტივალი საერთაშორისო ფოტოგრაფიის ნამდვილ ჰაბად იქცა, რომელიც მსოფლიო ფოტოგრაფიის დიდი მეტრების ნამუშევრების ჩვენებასთან ერთად,
რეგიონული ახალგაზრდა ფოტოგრაფიის განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

MagiC Carpets ‘შემოქმედებითი ევროპის’ პლატფორმაა, რომელიც 15 კულტურულ ორგანიზაციას აერთიანებს და მიმართულია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისთვის. პროექტის ფარგლებში ხელოვანები მოგზაურობენ მათთვის უცნობ ქვეყანაში, ადგილობრივ ხელოვანებსა და სოციალურ ჯგუფებთან თანამშრომლობით ქმნიან ახალ ნამუშევრებს და ამგვარად ავითარებენ კულტურულ აქტივიზმსა და ჩართულობას. პლატფორმა ევროპული პროგრამის ფარგლებში ‘შემოქმედებითი ევროპის’ 2014-2020 მხარდაჭერით ხორციელდება.

image