26 მარტი – 11 ივნისი, 2022

SURROUNDING BODY
ჯგუფური გამოფენა

ნინო გოგე გალერეა წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას – SURROUNDING BODY.

თბილისის კულტურული და ხელოვნების იერსახე ყოველთვის ესთეტიკური პრაქტიკების ნაირსახეობით ხასიათდებოდა. ჰეტეროგენულ-ურბანულმა გარემომ მრავალეროვანი და სარწმუნოებრივი სხვადასხვაობით, დინამიკური და მრავალფეროვანი საზოგადოება წარმოშვა. 1920-იან წლებში დაწყებულმა გასაბჭოებამ, ქართული საზოგადოება – თავისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, ცოცხალი ხელოვნებითა და კულტურული ლანდშაფტით – პოლიტიკური მსვლელობის ნიადაგზე, ანტაგონიზმებად დაყო: სწორედ ამიტომ, საქართველოს ცოცხალი ხელოვნება და კულტურული არემარე “ეთნიკურ-სამუზეუმო ექსპონანტად” გარდაიქმნა. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს დღევანდელ აღქმასა და კოლექტიურ მეხსიერებას.

ხოლო დღევანდელი აღქმა, წინააღმდეგობრივი გარემოებებისა და გარდამტეხი სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენების შერწყმას წარმოადგენს. ცხადია, რომ ეს დასკვნა ქვეყნის ყოველდღიურ კულტურულ პრაქტიკაში ვლინდება.

საქართველო სატრანზიტო და გარდამავალ სივრცედ ჩამოყალიბდა, რომელშიც ერთიანდება ევროპის, აზიისა (შუა აღმოსავლეთი) და რუსეთის კულტურული ზეგავლენები. თითქოსდა ქართული საზოგადოება კვლავ პირვანდელი მრავალფეროვნების დაბრუნების პროცესშია, თუმცა პოლიტიკური გაურკვევლობა და მოუმწიფებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საბოლოოდ სოციალურ აბსურდს ქმნის, რომელშიც ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს უწევთ მუშაობა და საკუთარი ადგილის დამკვიდრება.

ამ ყველაფრის ნიადაგზე როგორია ახალგაზრდა ხელოვანების ხედვა?

რა ფორმის აღქმად და შინაარსობრივ-კონცეპტუალურ პროცესებს განიცდიან ისინი?

მოწვეული ხელოვანები თავის მრავალშრიან შემოქმედებას წარმოადგენენ “ნინო გოგე გალერეაში”. მათი პოეტურ-დეკონსტრუქციული და ინტუიტიურ-კვლევითი აღქმა თამამ და ვიზუალურად შთამბეჭდავ მიდგომებს ავლენს. ნამუშევრები, რომლებიც განსაკუთრებული ღიაობით, მგრძნობელობით და არა წინასწარ გადაწყვეტილი მხატვრული იდეის შეჯამებით ხასიათდება, ხელოვანთა ესთეტიკურ ველში გვამოგზაურებენ.

არტისტები პიროვნულ, აბსტრაქტულ პროცესზე დაფუძნებულ, ინტუიციურ თუ ფორმალურ ენებს იყენებენ. თუმცა, ყველა მათგანს აერთიანებს ძიება, რომელიც არ შეიძლება მხოლოდ რაციონალური ხედვით განისაზღვროს, არამედ მნახველთა მხრიდან თანაგრძნობას და ხელოვანთა ესთეტიკური პროცესების მიმართ დაკვირვებას მოითხოვს. ამგვარად დამთვალიერებელი არტისტის აღქმის პროცესის, კონცეფციის და/ან აბსტრაქტული სამყაროს ნაწილი ხდება და მასთან ერთად იწყებს კვლევასა და განცდას.

მონაწილე ხელოვანები:
ლოლა
ნინა ახობაძე
თეო მასპინძელაშვილი

კურატორი – ვახტანგ ჭეიშვილი

Additional Details

  • სამუშაო საათები:სამშაბათი - კვირა, 12:00-20:00
    image