გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ საბჭოთა პერიოდში ე.წ. ‘არაოფიციალური ხელოვნების’ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას, რომელიც 1981-1990 წლებში შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს.

ავთო მესხი ალბათ ერთ-ერთი იშვიათი ხელოვანია, რომლის პრაქტიკაც ერთბაშად მოიცავს და უკავშირდება კუბიზმს, აბსტრაქციონიზმსა და კონსტრუქტივიზმს. მისი ნამუშევრები ხშირად ირეკლავენ ავანგარდისტული მოძრაობის გადააზრების და ესთეტიკური შესაძლებლობების გაფართოების მცდელობებს.

ავთო მესხის მხატვრული ენა გეომეტრიული და ხაზოვანი პერსპექტივის ელემენტებით ხასიათდება. კვადრატოვანი და მართხკუთხა ფორმები წითელ, ლურჯ და თეთრ ფერებში ატარებენ აშკარა არქიტექტურული და ურბანული გარემოს ნიშნებს, რომლებიც თავისი რიტმულობით და წონასწორობით კომპოზიციურ ერთიანობაში იკვრებიან. მესხის მხატვრულ ფორმაში არქიტექტურული ობიექტები დანაწევრებული და ხელახლა გადააზრებულია. მკაფიო გეომეტრიზებული ფიგურები თავისი მოქმედი და მოძრავი თვისებებით ერთი მეორესთან მიმართებით ქმნიან სიბტყობრივ დინამიზმის შთაბეჭდილებას.

მესხის აბსტრაქტული ნამუშევრები გაჯერებულია რელიგიური და მითოსური ნიშან -სიმბოლოებით, რომლებიც სხვადასხვა გეომეტრიული ფორმებით რეპრეზენტირდებიან. ხელოვანი ჯვრის და წრის გეომეტრიული ფორმების შეთამაშებას ახდენს მთელ რიგ ნამუშევრებში. აბსტრაქტულ ნამუშევრებში ხშირად აქტუალიზირდება მათემატიკური ნიშნების კომბინაციები ‘იქსის და ნულის’ სახით, რომელიც მოგვაგონებს კარგად ნაცნობ საბავშვო სამაგიდო თამაშს. არსებული კოდები თითქოს რეპრეზენტირდებიან ცხოვრების უნივერსალურ ‘თამაშის’ მეტაფორად. ხელოვანი თითქოს ამ ვიზუალური კოდებით ქმნის ახალ იკონოგრაფიას და სიცოცხლისა და სიკვდილის დიაგრამად აქცევს მათ. მოცემულ კონტექსტში ‘x’ შეგვიძლია გავიგოთ ჯვარცმის მეტაფორად, ხოლო ‘წრე’ მარადიული საწყისის აღმნიშვნელად. მისი შემოქმედება არ არის მხოლოდ სხვადასხვა ფერის კვადრატები, წრეები თუ ჯვრები, საბოლოოდ ის ქმნის სამყაროს არსებობის სქემატურ პირველსაწყის რუკებს.

ავთო მესხი (დაბ. 1946, თბილისი) მხატვრობას ეუფლება ადრეული ასაკიდან და ესწრება ხელოვნების გაკვეთილებს. ამის შემდგომ, მესხი სწავლას განაგრძობს ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, ქეთევან მაღალაშვილის ჯგუფში. მესხი საბჭოთა პერიოდში ე.წ. ‘არაოფიციალურ’, ,’ანდერგრაუნდ’ ხელოვნებას აფარებს თავს. ავთო მესხის შინაგანი პროტესტი იმდროინდელი პოლიტიკური წყობის მიმართ მეტად მძაფრი იყო, რამაც განაპირობა მისი ჩამოყალიბება ნონკონფორმისტად. ის 13-14 წლის ასაკში ავთო ვარაზს უახლოვდება და სწორედ მასთან ეცნობა დასავლურ ხელოვნებას. სწორედ ამ დროს ეცნობა მხატვარი პიკასოს, მონდრიანის, მალევიჩისა და სხვა ხელოვანების შემოქმედებას. მესხი მეგობრობს თავის თანამედროვე მხატვრებთან, მაგრამ მისი ნამუშევრები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა და სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის ნონკონფორმისტებისაგანაც კი.

გამოფენის გახსნა: 23 თებერვალი, 18:00-20:00

გამოფენა 23 თებერვალიდან 7აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: ართბითი, პავლე ინგოროყვას ქუჩა 14, თბილისი

გალერეა ღიაა დამთვალიერებლებისთვის სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-19:00 სთ.

image