7 დეკემბერი, 2023 – 7 იანვარი, 2024

კოკა რამიშვილი
‘INTERMISSIO’

კოკა რამიშვილის მასშტაბური სოლო შოუ სათაურით – HORIZON – ოქტომბრიდან მიმდინარეობს ციურიხის გალერეა Lullin + Ferrari-ში და ის ლანდშაფტის მრავალგანზომილებიანობის კონცეპტუალურ გააზრებას ეხება, თავისებურად აგრძელებს მხატვრობის ისტორიის ფუნდამენტურ ძიებას გამოსახულების სტრუქტურისა და მისი მეტყველების შესახებ.
შედარებით კამერული ხასიათისაა ამ თემის თბილისური განვითარება, რომელიც დედიკას გალერეაშია წარმოდგენილი. უახლეს ნამუშევრებში კოკა რამიშვილის მუდმივი ინტერესის საგანი – ეგზისტენციალური შინაარსების ვიზუალიზაცია ინსტალაციის ფორმატში – მგრძნობელობის კიდევ უფრო განვრცობილ გამოსახულებებში ჩნდება და კონკრეტულ კონტექსტთან მიმართებაში სხვადასხვაგვარად მეტყველებს. INTERMISSIO, – იგივე შესვენება, გულისხმობს ერთი პროცესის დასრულებას, ახლის დაწყებას, რომელსაც სიცხადე შემოაქვს სამყაროს აღქმასა და დამოკიდებულებებში. ექსპოზიცია სხვადასხვა ფორმატების (ფაქტურული ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა) კავშირით გადმოსცემს დასასრულის დრამატიზმს, რომელიც თანაარსებობს ახლის დაბადებასა და წყვდიადიდან ამოსულ ნათებასთან.
INTERMISSIO-ს კონცეფცია სიმბოლურად ებმის დედიკას გალერეის პროგრამულ ცვლილებას, – ეს არის გამოფენების ციკლის დამასრულებელი პროექტი, რომლის შემდეგაც გალერეა დროებით აჩერებს საგამოფენო საქმიანობას და იწყებს მუშაობას სამომავლო რეფორმაზე.
ხათუნა ხაბულიანი
გამოფენა გაგრძელდება 7 იანვრამდე.

მისამართი: თარხნიშვილის 25

image