24 სექტემბერი – 29 ოქტომბერი, 2023

მხატვრობა კედლის მხატვრობის შემდეგ
მონაწილეები
სალომე დუმბაძე
მარიანა ჭყონია
მარიამ ინაშვილი
ლევან ჭოღოშვილი
ნინა კინწურაშვილი
სოფო კობიძე
შოთა აფციაური

საქართველოში, კედლის მხატვრობის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ და მისი ნიმუშების ხილვის ყოველდღიურმა შესაძლებლობამ, დღევანდელობაში, თითქოს, დაუკარგა მას აქტუალობა და გააფერმკრთალა რა მისი შთამბეჭდაობა. გამოფენა – „მხატვრობა კედლის მხატვრობის შემდეგ“, ერთგვარი გადააზრებაა ამ ტრადიციისა, სადაც თვალსაჩინოა თუ როგორ შეიძლება ითარგმნოს მონუმენტური მხატვრობა დაზგურად
– ესაა შვიდი ქართველი ხელოვანის ნამუშევართა ჯგუფური გამოფენა, რომლებიც, ფორმითა და შინაარსით ეხმიანებიან გამოფენის სახელწოდებას . გამოფენაში მონაწილე ხელოვანები ერთმანეთის თანამედროვენი, თუმცა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან – ლევან ჭოღოშვილის, მარიანა ჭყონიას, სოფო კობიძის, შოთიკო აფციაურის, ნინა კინწურაშვილის, სალომე დუმბაძისა და მარიამ ინაშვილის აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ქართული კედლის მხატვრობის რემინისცენციის მცდელობაა.
ქრისტიანულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ფრესკული პასაჟები აირეკლება გამოფენაზე წარმოდგენილ აბსტრაქციებში, რაც პირველ რიგში, ლევან ჭოღოშვილის „ხარების“ (1985 წ.) კომპოზიციითა თუ ნინა კინწურაშვილის დიპტიქით არის თვალსაჩინო. მეორე მხრივ კი, დამთვალიერებელს აქვს საშუალება ნამუშევრებთან სუბიექტური მიმართებების დამყარებისა, რასაც, გარდა მათი მხატვრული თავისებურებისა, გამოფენის არქიტექტონიკაც განსაზღვრავს.
ამრიგად, გამოფენის კონცეფცია, რომელიც საერთო სახელდების შინაარსში უნდა იყოს ჩაწერილი, ერთ სივრცეში განლაგებული შვიდი დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ნამუშევრის ერთიანობადაც შეიძლება აღვიქვათ, რამდენადაც ამის შესაძლებლობას ფორმათა თავისუფლება და ფერთა სახასიათო გამა იძლევა.

image