10 სექტემბერი –22 ოქტომბერი, 2023

გამოფენის გახსნა:კვირა, 10 სექტემბერი, 16:00-19:00

დაუცველობის საზღვრები
საბინა ჰორნიგი/ თამუნა ჭაბაშვილი

კუნსტჰალე თბილისი და გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ საბინა ჰორნიგის

და თამუნა ჭაბაშვილის ერთობლივ გამოფენას “დაუცველობის საზღვრები.” გამოფენას მასპინძლობს პროექტის პარტნიორი, გალერეა ართბითი. „დაუცველობის საზღვრები“ იკვლევს მუდმივად ცვალებად სოციალურ და პოლიტიკურ პერსპექტივებს ხელოვნურად შექმნილ გარემოში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვრების გავლენას და ფანჯარას, როგორც შუალედურ სივრცეს, რომელიც შლის ზღვარს საჯაროსა და კერძოს, ხილულსა და უხილავს შორის.

საბინა ჰორნიგის ინსტალაციები ცნობილია დამკვიდრებულ არქიტექტურულ იერარქიებთან დაპირისპირებით. ის დამთვალიერებელს სპეციფიკურ სივრცით გამოცდილებას სთავაზობს. გამჭვირვალე სიბრტყეებისა და ფანჯრიდან გადაღებული ხედების ოსტატური შერწყმით არტისტი ქმნის სხვადასხვა სივრცითი და დროითი რეალობის დაპირისპირებას. ეს გადამკვეთი ელემენტები შლიან საზღვრებს კოლექტიურ მეხსიერებასა და ინდივიდუალურ დაკვირვებას შორის.

ჰორნიგი გამოფენაზე წარადგენს სკულპტურულ ნამუშევარს სახელწოდებით „შებრუნებული/ინვერსიული ფანჯარა“, რომელიც შთაგონებულია თბილისში ფართოდ გავრცელებული ტრადიციული ტიპის სარკმლისა და აივნის ცხაურებით.

ეს ცხაურები გარე სამყაროში კერძო სივრცის გაგრძელებაა და ნახევრად საჯარო და ნახევრად გამჭვირვალე არეალებს ქმნის. წარმოდგენილი ინსტალაცია მორგებულია საგამოფენო სივრცეში არსებულ ფანჯარაზე, რომელიც შიდა სივრცეში წაგრძელებული ცხაურით იღება. ეს ინვერსიული ფანჯარა, რომელიც სხეულში შებრუნებულ ორგანოს ასოციაციას იწვევს, ქმნის სივრცეს სივრცეში და იწვევს პარადოქსისა და ინტროსპექციის განცდას. ნამუშევრის კონცეფცია სცდება ფანჯრის ცხაურის ფორმალურ რეპრეზენტაციას. ის ირეკლავს სიმართლის დამახინჯებისა და საზღვრების მანიპულირების პოლიტიკურ სტრატეგიას, რომელსაც კონტროლის გაძლიერებისათვის გამოიყენებენ. პოლიტიკური დესპოტიზმისა და უსაზღვრო ძალაუფლების აღიარებასთან პარალელების გავლებით, საბინა ჰორნიგი ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების მონაწილეობის ფაქიზ ბუნებასა და პარადოქსული აზროვნების პოტენციურ საფრთხეებზე.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია საბინა ჰორნიგის ფოტო- ნამუშევრები თბილისის ფანჯრების მოტივებით. ეს ფოტოები ასახავენ მშენებარე ობიექტებს თანამედროვე ქალაქური პეიზაჟის ფონზე. მინის, როგორც მედიუმის გამოყენებით განსხვავებული სტადიები და დროები ერწყმიან ერთმანეთს, რის შედეგადაც იქმნება ურთიერთდაკავშირებული ვიზუალური ნარატივები.

ადამიანის მიერ შექმნილი სისტემების ეფემერულობა და მოწყვლადობა თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრის კვლევის საგანია. ხელოვანი სისტემების მხატვრულ სახეებსა და ქსელებს სწავლობს. ჭაბაშვილის სახელოვნებო პრაქტიკა დაარქივების და ნაკვალევის საკითხებს უკავშირდება, რომელშიც ქსოვილი საყრდენი ბადეა, ხელოვანი თავის ნამუშევრებში ქსოვილების ინტეგრირებით განსხვავებულ ელემენტებს აერთიანებს, სადაც ქსოვილი როგორც მედიუმი ტაქტილურ და ვიზუალურ ინფორმაციას ატარებს.

ამ გამოფენის შთაგონება მხატვრის მიერ ახალ ამბებში ნანახი უკრაინელი ქალების მიერ მოქსოვილი სამხედრო კამუფლაჟის ბადე გახდა. ჭაბაშვილის ყურადღება ბადეზე დამაგრებული ფერადი ქსოვილის ნაკუწებმა მიიპყრო, რომელთა ფაქიზი ხასიათი პარალელურად დიდ ძალას ავლენდა. გარდა ამისა, კამუფლაჟი ფერადი ნაჭრებით მორთულ ნატვრის ხეს, იმედის სიმბოლოს ჰგავდა. კამუფლაჟის ბადე, როგორც ნატვრის ხე, სულიერი და ფიზიკური თავდაცვის მეტაფორაა. ჭაბაშვილის მიერ ბადის ფუნქციონალობის კვლევის პროცესში ეს ობიექტი გრძელვადიანი თავდაცვის სისტემად გარდაიქმნა, რომელიც შესაძლებელია საყრდენად გამოიყენო, შეინახო ან გამართო საჭიროების შესაბამისად. ეს კი ხელოვანს შესაძლებლობას აძლევს დროებითობის, როგორც მიმდინარე მდგომარეობის ცნება შეისწავლოს ინდივიდუალური დაუცველობის პერსპექტივიდან.

თამუნა ჭაბაშვილის ინსტალაცია, სახელწოდებით “დაუცველობის საზღვრები,” რაც გამოფენის სათაურიც გახდა, გაჭიმულ თოკებზე გადაფენილ ფანჯრის ცხაურის ორნამენტიან ქსოვილებს წარმოადგენს. რბილი, გამჭირვალე ქსოვილები დაუცველობის განცდას ქმნიან. იმის ნაცვლად, რომ უზრუნველყონ უსაფრთხოება თუ სიმყუდროვე, დელიკატური და დამყოლი ელემენტები რბილ ბადეს ხლართავენ საგამოფენო სივრცეში. ამავდროულად, თითოეული მათგანი ცდილობს თავი დაიმკვიდროს და საკუთარი ადგილი განსაზღვროს ამ კონტექსტში. აქ ეფემერულობა განგრძობადი მდგომარეობაა, რომელიც არასტაბილურობის და მოწყვლადობის გრძნობის ხარჯზე შემოქმედებითობასა და მოქნილობას აძლიერებს.

საბინა ჰორნიგი ბერლინში მცხოვრები ხელოვანია. ის სწავლობდა ქანდაკებას და სახვით ხელოვნებას სახელოვნებო სკოლაში, ბერლინში (1985-1992 ) წლებში. მისი გამოფენებიდან აღსანიშნავია: მცველის ხედები, LaGuardia Airport, ნიუ-იორკი, 2022; ჩრდილები, International Towers, სიდნეი, 2019; მომთაბარეობა, Museo Nivola, ორანი, 2015; ორმაგი გამჭვირვალობა, Museum Boijmans van Beuningen, როტერდამი , 2013/14; Durchs Fenster, Pinakothek der Moderne, მიუნხენი, 2011; შესასვლელი მცურავი კიბეებით კრაუსის კოლექციაში, ნიუ-იორკი, 2010; ოთახი დიდი ფანჯრებით, Berlinische Galerie, ბერლინი, 2006; მეორე ოთახი, Centro Cultural de Belem, ლისაბონი, 2005; პროექტი 78, The Museum of Modern Art, ნიუ-იორკი, 2003.

თამუნა ჭაბაშვილი თბილისში და ამსტერდამში დაფუძნებული ვიზუალური ხელოვანია. მან ბაკალავრიატის სახელოვნებო კურსი დაასრულა გერიტ რიეტველდის აკადემიაში, ამსტერდამში, ნიდერლანდებში. 2003 წელს მან სხვა ხელოვანებთან ერთად დააფუძნა სახელოვნებო ინიციატივა ‘Public Space With A Roof’ (PSWAR) ამსტერდამში. 2003-07 წლებში ის ფუნქციონირებდა, როგორც საგამოფენო სივრცე. PSWAR-ის პროექტები ბევრ საერთაშორისო გამოფენაში იყო წარმოდგენილი მათ შორის ფრედერიკ კიესლერს ფონდში ვენაში, ავსტრიაში და პომპიდუ-მეცის ცენტრში, საფრანგეთში. თამუნა ჭაბაშვილის პროექტი „Supra of Her Own “გამოფენილი იყო ნექტარ გალერეაში, თბილისში 2014 წელს, Kuad Gallery-ში, სტამბულის მე-14 ბიენალის პარალელური პროგრამაში და კიევის ბიენალეზე 2015 წელს. მისი მიმდინარე საარქივო პროექტები მოიცავს: “კონფლიქტის დერეფანი, აფხაზეთი 1989-1995”, 2019, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი და ვებგვერდი“დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი.”

image