1 მარტი – 28 მარტი

საგამოფენო საათები: 10:00 – 18:00. ყოველ დღე ორშაბათის გარდა.
ბილეთის ფასი: 5 ლარი. ბილეთის შეძენა შესაძლებელია მუზეუმის სალაროში.

მე ვწუხვარ ბაღზე
მარიამ ნატროშვილი
დეთუ ჯინჭარაძე

კურატორები: გიორგი სპანდერაშვილი, ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე

„მე ვწუხვარ ბაღზე“ ნამუშევარია დასასრულის წინათგრძნობაზე, რომელიც real-time ვიდეო გამოსახულების და VR გამოცდილების საშუალებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე დაბადებული არტისტებისთვის, დასასრულის განცდა მეხსიერების და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. განვითარებადი ქვეყნის არასტაბილური გარემო სხვადასხვა სახის დასასრულის მუდმივ მოლოდინს განაპირობებს. დასასრულის, რომელიც ყოველთვის გაქრობას არ გულისხმობს და თავის თავში რაღაც განსხვავებულის დასაწყისს მოიცავს. თუმცა, ხშირად, აქ განვითარებული მოვლენების დრამატურგია დისტოპიური რეალობისა თუ საზარელი ზღაპრის სიუჟეტს ემსგავსება. მეტაფორული ბაღი, რომელიც ხმება, კვდება, ცეცხლი უკიდია და ცარიელია.

პროექტის სათაური ცნობილი ირანელი პოეტის ფორუყ ფაროხზადეს ლექსის სათაურს იმეორებს „მომაკვდავ ბაღზე“, რომელიც ავტორის ძლიერი ეკო-ფემინისტური პოზიციიდან ქალისა და მის გარშემო ცვალებადი სამყაროს გრძნობისმიერ ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს.

ბაღი, როგორც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული საცხოვრისი, გარემო მრავალი მნიშვნელობის მატარებელია. ნამუშევარში ნაჩვენებია ანთროპოცენის ეპოქის ბაღი – შეძრული დედამიწა, რომელიც სცილდება ობიექტურ რეალობას და ირყევა ადამიანის ქმედების შედეგად. ნამუშევარში წარმოდგენილი სცენები რეალური ადგილების გამოსახულებების, და ფრაგმენტებისგან აწყობილი თავსატეხია. დაცარიელებული გარემო მიტოვებულ ვიდეო-თამაშს ჰგავს, სადაც ადამიანი არ ჩანს. ჩანს მხოლოდ მისი კვალი, გამოუსწორებელი შეცდომები და დედამიწის ნაიარევი.

“მე ვწუხვარ ბაღზე” დაკვირვებაა დასასრულის ნიშნებზე: ჰორიზონტი ცეცხლშია გახვეული, ქალაქი დაცარიელებულია, სიტყვების კედელთან ძაღლი ყეფს, ცარიელი ოფისის კედლები იბზარება, სუპერმარკეტის თაროები მწერებმა დაისაკუთრეს. სახლი უფსკრულის პირას სოფელი რგანიდანაა. ჭიათურის სოფლებში წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად მიწა სკდება, სახლები ინგრევა.

VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია – აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. ვირტუალური ბაღი ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს. უკანასკნელ 250 წელიწადში დედამიწაზე, სხვადასხვა ადგილას, 600 – მდე მცენარე გაქრა.

ვიდეო გამოსახულება თვით-გენერირებადია და რეალურ დროში (real-time) ხდება – ციფრული ქარიშხალი, რომელსაც სამყარო მიაქვს. “მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს. ეს არის პოეტური ნაწარმოები, რომელიც ტექნოლოგიური ეპოქით განპირობებული ახალი სურეალიზმის ენით დასასრულსა და დასაწყისზე გვესაუბრება.

„მდგომარეობებს შორის” მულტიმედია სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია-ხელოვნებას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს.

image