საქართველოს მუზეუმი გვიყვება ქვეყნის ისტორიას უძველესი დროიდან საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ჩათვლით. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი ეროვნული მუზეუმის ნაწილია, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი სამუზეუმო ინსტიტუციაა და ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 16 მუზეუმს, ეროვნულ გალერეას, სახლ-მუზეუმებს, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, მუზეუმ-ნაკრძალებსა და ბიბლიოთეკებს.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

მიმდინარე გამოფენები:

არქეოლოგიური საგანძური – ექსპოზიცია აერთიანებს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ოქრომჭედლობის 600-მდე უნიკალურ ნიმუშს (ძვ.წ. III ათასწლეული – ახ.წ. IV საუკუნე). გამოფენაზე წარმოდგენილი ოქროსა და ვერცხლის უძველესი სამკაული, სხვადასხვა სარიტუალო ნივთი, ჭურჭელი და შტანდარტები აღმოჩენილია ყორღანულ სამარხებში დღევანდელი ქართლის, კახეთისა და თრიალეთის ტერიტორიაზე და ეკუთვნის იმდროინდელი საზოგადოების მდიდარ ფენას.

ნუმიზმატიკური საგანძური – საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ხანგრძლივ ისტორიას მოიცავს ძვ.წ. VI საუკუნიდან 1834 წლამდე.

ქვის ხანის საქართველო – ეტრუსკული მარტორქის თავის ქალა, ტარიბანას სამხრეთული სპილოს კბილი, ქვის იარაღები, ნიჟარებისგან დამზადებული სამკაული, დმანისელი ჰომინინები, ეთიოპიაში ნაპოვნი „ლუსი” ერთ სივრცეში – საქართველოს ქვის ხანა (1.77 მლნ.წ. – 8 ათასი წ.) და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი ანთროპოლოგიური მასალა, რომელიც ადამიანის ევოლუციის დროში დინებას ასახავს.

კავკასიის ბიომრავალფეროვნება – გამოფენაზე კავკასიაში უნიკალური და უმდიდრესი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციებია წარმოდგენილი. მათ შორისაა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები.

საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია – ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის, საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი 3 000-ზე მეტი ექსპონატი.

***
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ისტორია 1852 წლიდან იწყება, როცა დაარსდა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი. მუზეუმის დღევანდელი შენობა 1913-1929 წლებში აიგო არქიტექტორ მ. ნეპრინცევის პროექტის მიხედვით, ხოლო ფასადის არქიტექტურა ნ. სევეროვს ეკუთვნის. 1947 წლიდან მუზეუმი აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელს ატარებს.

image