17 თებერვალი – 30 აპრილი, 2023

“RANDOM BULLSHIT GO!!”
გიორგი კონტრიძე

გიორგი კონტრიძე დაიბადა ქ. ოზურგეთში, 2000 წელს. 12 წლის ასაკში ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში ჩააბარა, 2018 წელს კი სწავლა დაიწყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლაში (VAADS), ფერწერის მიმართულებით. გიორგის მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. 2021 წელს კი წარმოდგენილი აქვს პერსონალური გამოფენები: “ცუდი ძაღლები” (კურატორი: ირინა პოპიაშვილი, ფაბრიკა, თბილისი, 2021) და “გუჯიას” (კურატორი: თამუნა ღვაბერიძე, Window Project, თბილისი, 2021).

გამოფენაზე RANDOM BULLSHIT GO!! წარმოდგენილია ბოლო 3 წლის მანძილზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე ჩანახატები, სკეჩბუკების სახით.

გიორგის პრაქტიკაში, ძირითადი სამუშაო მედიუმები ფერწერა და გრაფიკაა. Მასალა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს, იაფფასიანი ქაღალდი ან შპალერია, რომელზეც ფერწერისთვის – ზეთის საღებავს, ხოლო გრაფიკის შემთხვევაში – ფანქარს, მარკერს ან ტუშს იყენებს.

მისი შემოქმედება, ძირითადად, ფიგურატიული ფორმებისა და ტექსტის კომბინაცას წარმოადგენს. ტექსტების სახით ხელოვანის ნამუშევრებში ხშირად გვხვდება რეკლამების, სამრეწველო პროდუქციის სახელწოდებების, მაღაზიების აბრების, ვიდეო თამაშების, მიმების, კომიქსების, პირადი მიმოწერებისა თუ ჩანაწერების ფრაგმენტები, ან, უბრალოდ, გამოგონილი, არარსებული სიტყვების კომბინაციები.

ეს მოკლე ტექსტები თუ რეპლიკები, გიორგის ნამუშევრებში, პირვანდელ კონტექსტს კარგავენ (რამდენადაც ეს სიტყვების შემთხვევაშია შესაძლებელი), იცლებიან შინაარსისგან და გარდაიქნებიან ვიზუალურ ფორმებად თუ კომპოზიციის შემავსებელ აბსტრაქტულ გამოსახულებებად.

ტექსტის ასე გამოყენების მიუხედავად, არტისტის ნამუშევრები ყოველთვის ყვება ისტორიას. ეს ისტორიები, ხშირ შემთხვევაში, ავტორის მოგონებების ან გაგონილი ამბების ინტერპრეტაციებია და დრამატული სიუჟეტების, შავი იუმორის, აბსურდიზმისა და პოეტური მეტაფორების ნაზავს ქმნის.

Გიორგი კონტრიძისთვის სახასიათო სტილის მიუხედავად, მისი ნამუშევრების ერთ კატეგორიაში მოქცევა რთულია – მათში ერთდროულად ჩანს როგორც ნაივურობა, ისე კლასიკური მხატვრობისა და ანატომიის ფლობაც, მონასმების სიუხეშეც და სიმსუბუქეც, გააზრებული დაუდევრობაც და სიფაქიზეც.

გამოფენის სათაური – “RANDOM BULLSHIT GO!!” – მიმების ცნობილი სერიიდანაა აღებული, სადაც ეს ფრაზა არაცნობიერი, აზრს მოკლებული ბოდვის, ან ქმედების კონტექსტში გამოიყენება.

image