გახსნა: 17 ნოემბერი

დრო: 18:00

​​თეთრი ხმაური – ეკატერინე თოთლაძის პირველი პერსონალური გამოფენა ATINATI-ს კულტურის ცენტრში

მის: პ.ინგოროყვას 19ა

ATINATI-ს კონკურსის გამარჯვებული სტუდენტის – ეკატერინე თოთლაძის გამოფენა გაიმართება. კონკურსში გამარჯვებულმა არტისტმა ოთხი თვის განმავლობაში იმუშავა სერიაზე, „თეთრი ხმაური“, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა. ეკატერინე თოთლაძის ახალ სერიაში ადამიანი, დაკვირვების ობიექტად არის ქცეული. გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი ცალკე კედელს ეთმობა, სადაც მხატვრის ადრეული ნამუშევარია წარმოდგენილი. ეს ის ტილოა, რომელმაც კონკურსანტის ბედი განსაზღვრა და ჟიურის წევრებში ერთსულოვნება დაბადა. შესაბამისად კედელი, სადაც ნამუშევარია წარმოდგენილი მეტაფორული მნიშვნელობით დაიტვირთა – გამარჯვებიდან – სოლო გამოფენამდე.

ფონდმა ATINATI-მა ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის პრემია დააწესა. სახვითი ხელოვნების IV კურსის სტუდენტებს ერთი თვის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ რეგისტრაციის მეშვეობით ღია კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. დახულური კარის პრინციპით ადგილობრივმა და საერთაშორისო ჟიურის წევრებმა ექვსი საუკეთესო სტუდენტი შეარჩიეს. კონკურსანტებმა საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გამოფინეს. მათგან გამარჯვებული – ეკატერინე თოთლაძე დასახელდა. პრემიის პირობების გათვალისწინებით არტისტს 5000 € ოდენობით პრემია გადაეცა და ამჯერად ATINATI’S კულტურის ცენტრი მის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ფონდი ATINATI სამომავლოდ კვლავ გააგრძელებს სტუდენტების ხელშეწყობას.

ბიოგრაფია:
ეკატერინე თოთლაძე (19.08.2001) დაიბადა თბილისში. სწავლობდა ანასტასია ვირსალაძის სახელობის სამხატვრო გიმნაზიაში (2013-2018). აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (2019-2023). სწავლობდა Akademia Sztuk pięknych w Gdañsku (2023).“ნამუშევრების ხატვის პროცესში არ ვიცოდი სად მივიდოდი. ექსპერიმენტული იყო მთლიანად ეს პერიოდი.

ჩემთვის მაინც დაკვირვების ობიექტად ადამიანი რჩება. მინდოდა მასზე დაკვირვება ცოტა სხვა კუთხით მომეხდინა. ისეთი ატმოსფერო შემექმნა წარმოდგენილი სივრცითი კომპოზიციებისგან, რომელიც მთლიანად მდგომარეობად გარდაისახებოდა, ანუ, ასახულიყო ადამიანის შინაგანი კონფლიქტის თუ უწონასწორობის მდგომარეობა.

გამოვიდა ისე რომ ადამიანი აღმოჩნდა მოლოდინის რეჟიმში, პროცესში სივრციდან/მდგომარეობიდან გასვლის. ერთგვარად სხვა განზომილებაში ან მდგომარეობაში გაჭრის მცდელობებია. ის ხმაური კი, თითქოს კავშირშია შინაგან ხმასთან, რომელსაც შეიძლება ადამიანი გაურბოდეს ხოლმე”. ეკატერინე თოთლაძე

image